ორშაბათი 21 ოქტომბერი, 2019

ჭიათურისა და საჩხერის ეპარქიის ისტორია

ჭიათურისა და საჩხერის ეპარქია დასავლეთ საქართველოს აღმოსავლეთით – ზემო იმერეთში, ისტორიული არგვეთის, იგივე მარგვეთის, საერისთავოში მდებარეობს. იგი ჭიათურა-საჩხერის რაიონებსა და მათ მიმდებარე ტერიტორიას მოიცავს. ჭიათურისა და საჩხერის სამღვდელმთავრო ტერიტორიას აღმოსავლეთის მხრიდან ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქია ესაზღვრება, დასავლეთიდან ტყიბულისა და თერჯოლის, ჩრდილოეთიდან ნიკორწმინდის, სამხრეთიდან მარგვეთისა და უბისის, სამხრეთ-აღმოსავლეთიდან სურამისა და ხაშურის ეპარქიები.

ისტორიულად ზემო იმერეთი, იგივე ზემო ქვეყანა, ზემო მხარი, იმერეთის სამეფოს მეორე სადროშო იყო და არგვეთის საერისთავოს ცენტრალურ ნაწილს წარმოადგენდა. ზემო იმერეთი საქართველოს უმთავრეს გზაგასაყარზე მდებარეობს და ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრივი სიმტკიცისათვის ოდითგანვე უმნიშვნელოვანესი მისია ეკისრებოდა. არგვეთის საერისთავოს გეოგრაფიული საზღვრები და ადმინისტრაციული ცენტრი დროის მოთხოვნათა შესაბამისად იცვლებოდა ხოლმე. VIII ს-ის 30-იან წლებში, არაბთა გამანადგურებელი შემოსევების დროს, არგვეთის მთავრები საქართველოს ეროვნული გმირები და ეკლესიის მიერ წმინდანად შერაცხილნი, მოწამეობრივად აღსრულებულნი დავით და კონსტანტინე მხეიძეები იყვნენ. IX საუკუნეში არგვეთის ერისთავად დადგენილი იყო აფხაზეთის უფლისწული დემეტრე, რომლის რეზიდენცია თანამედროვე საჩხერის რაიონის სოფელ ჩიხაში მდებარეობდა. საერისთავოს ისტორიიდან (განსაკუთრებით X-XI საუკუნეები), ბაღვაშთა მმართველობის ხანა გამოირჩევა. მათი მამაპაპეული რეზიდენცია კაცხი იყო. XII-XIII საუკუნეებში, არგვეთის ერისთავები ამანელისძენი არიან.

საქართველოს სამეფოებად დანაწილების (XV-XVI ს.ს.) შემდეგ, არგვეთი ხშირად გადამწყვეტ როლს ასრულებდა იმერეთის სამეფოს დაწინაურებისა თუ დაქვეითების საქმეში. ეპარქიის ტერიტორიაზე არსებულ ქალაქებს – ჭიათურასა და საჩხერეს დიდი ხნის იტორია არა აქვთ. საჩხერე ისტორიულ წყაროებში პირველად XVII ს-ში იხსენიება. გვიანდელ ფეოდალურ ხანაში იგი დაწინაურებული სავაჭრო პუნქტი იყო. ჭიათურაში ქალაქურ დასახლებას საფუძველი 1879 წელს ჩაეყარა, როდესაც ა. წერეთლის ინიციატივით დაიწყო მანგანუმის მადნის მოპოვება.

საეკლესიო გარდამოცემა და წერილობითი წყაროები გვაუწყებენ, რომ ჩვენს ქვეყანაში ქრისტიანობის გავრცელებისთანავე ეს კუთხეც გაქრისტიანდა.

V-VI საუკუნეების ქრისტიანულ ნაგებობათა კვალი ამ მხარეში ადრექრისტიანული პერიოდიდანვე სარწმუნოების მტკიცედ გავრცელების მიმანიშნებელია. ამ პერიოდს, V-VI ს.ს.-ებს უკავშირდება ე.წ.  „კაცხის სვეტის“ ეკლესიისა და სოფელ ქორეთში უდერძის წმიდა გიორგის ეკლესიის აგება.

თანამედროვე ჭიათურისა და საჩხერის ეპარქია, რომელიც მარგველ მღვდელმთავარს მიეკუთვნებოდა, მუდმივად ვერ ინარჩუნებდა ერთიანობას. მაგ. დავით აღმაშენებელმა, როდესაც კლდეკარის ერისთავები დაამცრო, მათი საძვალე – კაცხი „აღიღო“ და გელათს გადასცა. თამარ მეფის დროს თანამედროვე საჩხერის რაიონი რაჭის ერისთავებს მიეკუთვნებოდა და მათვე მიეწერება მღვიმევის აშენებაც. ცალკე სამეფოდ ჩამოყალიბებულ იმერეთში, მეფე ბაგრატ III-მ (1510-1565 წწ.) ეკლესიის მიმართ მნიშვნელოვანი ღონისძიებები გაატარა, რაც ახალი ეპარქიების შექმნით გამოიხატა (XVI ს. 30-იან წლებში ქუთათელის სამწყსოს საფუძველზე იქმნება გელათის, ნიკორწმინდის, ხონის ეპარქიები). ახალი საეკლესიო ერთეულების ჩამოყალიბებით ბუნებრივია, საეპარქიო საზღვრებიც გადაისინჯა.

1810 წ. იმერეთის სამეფოს გაუქმების შემდეგ, მთლიანად შეიცვალა ად-გილობრივი საეკლესიო წყობილება, ხოლ 1821 წ. რუსეთის სინოდის 19 ნოემბრის ბრძანებით, იმერეთში არსებულ ეპარქიებიდან შეიქმნა მხოლოდ ერთი – იმერეთის ეპარქია, რომლის შემადგენლობაში თანამედროვე ჭიათურისა და საჩხე-რის ეპარქიის ტერიტორიაც შედიოდა.

1917 წ. საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა გაუქმებულ ეპარქიათა ამოქმედებითაც აღინიშნა. თანამედროვე ჭიათურა-საჩხერის ეპარქია მარგვეთის ეპარქიაში შედიოდა. 1920-იანი წლებიდან ცნობილი მოვლენების გამო, ეპარქიათა სამღვდელმთავრო კათედრები უმეტესად თავისუფალი იყო.

საქართველოს ეკლესიის ეპარქიათა აღდგენა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია II-ის მოღვაწეობით იწყება.
1995 წ. 5 აპრილის საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით მარგვეთის ეპარქიის განვრცობილი ტერიტორიის საფუძველზე ჩამოყალიბდა: ა) საკუთრივ მარგვეთის და ბ) ჭიათურის ეპარქია. 2002 წლის ოქტომბრიდან ჭიათურის ეპარქიას ჭიათურისა და საჩხერის ეპარქია ეწოდა.

1995-1998 წლებში ეპარქიას განაგებდა მიტროპოლიტი კონსტანტინე მელიქიძე;

1998-2002 წლებში _ მიტროპოლიტი აბრაამ გარმელია;

2002 წლიდან დღემდე _ მიტროპოლიტი დანიელ დათუაშვილი.