იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული - გუბერნატორი შავლეგო ტაბატაძე საჩხერის მუნიციპალიტეტს ესტუმრა

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული - გუბერნატორი შავლეგო ტაბატაძე პირველი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საჩხერის მუნიციპალიტეტს ესტუმრა.

გუბერნატორი შექმნილ სიტუაციას გაეცნო და თვითმმართველობის პირველი პირისგან ანგარიში მოისმინა. მუნიციპალიტეტის მერმა ბენიამენ ფალავანდიშვილმა მიმდინარე და დასრულებულ ინფრასტრუქტურულ, სოციალურ და კულტურული ღონისძიებების პროექტებზე ისაუბრა.

როგორც შავლეგო ტაბატაძემ აღნიშნა - მოსახლეობის ცხოვრების პირობების გაუმჯობესებისთვის პრიორიტეტად კვლავ საგზაო ინფრასტრუქტურისა და სასმელი წყლის სისტემების მოწყობა რჩება. "მე თქვენთან ერთად მივალ თითოეული სოფლის მოსახლეობამდე და ერთად განვიხილავთ სხვადასხვა საკითხებს, ჩვენ მათი არჩეული ვართ, ხელფასს ხალხი გვიხდის და შესაბამისად, პირველ რიგში მათზე უნდა ვიზრუნოთ, რათა ეს ნდობა გავამართლოთ.

მნიშვნელობა არ აქვს ადამიანი სამხედრო სფეროში იქნება თუ საჯარო სამსახურში - ჩვენ ორივეგან სამშობლოს ვემსახურებით, მე ვიქნები დაუღალავი და ვიმუშავებ ოცდაოთხსაათიან რეჟიმში, ნებისმიერ ადამიანს ნებისმიერ დროს შეუძლია დამიკავშირდეს და მე ვიქნები მუდმივ კონტაქტზე...

დარწმუნებული ვარ - ჩვენი ურთიერთობა იქნება აქტიური, შედეგიანი და ნაყოფის მომცემი." - განაცხადა მან.

შეხვედრის ბოლოს გუბერნატორმა თვითმმართველობის წარმომადგენლებს წარმატებული მოღვაწეობისთვის მადლობა გადაუხადა და სამომავლო წარმატებები უსურვა.