საჩხერეში ნუგზარ-ვალერიანო გამგებლის კონცერტი გაიმართა

საჩხერეში მსოფლიოს წამყვანი საოპერო სცენების ქართველი ვარსკვლავის და ალფრედო კრაუსის სკოლის წარმომადგენლის ნუგზარ-ვალერიანო გამგებლის კონცერტი გაიმართა. 

კონცერტის ჩატარება საჩხერლობის სახალხო დღესასწაულზე დაიგეგმა, სადაც ადგილობრივი თვითმმართველობის გადაწყვეტილებით ცნობილ ტენორს საჩხერის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა.

ორი საათის განმავლობაში მომღერალმა დოლიძის, არაყიშვილის, ვერდის, პუჩინის და სხვა ცნობილი კომპოზიტორების ნაწარმოებები შეასრულა, ხოლო სიტყვით გამოსვლისას თავისი პირველი პედაგოგები გაიხსენა და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას მოწვევისთვის მადლობა გადაუხადა. 

საჩხერის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ ოთარ ომიაძემ მომღერალს აკაკი წერეთლის სახელობის ჯილდო გადასცა. დ. თორაძის სახელობის სამუსიკო სკოლისა და მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის წარმომადგენლებმა ნუგზარ გამგებელს, როგორც მათ ყოფილ მოსწავლეს, სიგელები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.

შეგახსენებთ, რომ ნუგზარ-ვალერიანო გამგებელი ათეული წლებია ესპანეთში ცხოვრობს, საოპერო სპექტაკლებში მონაწილეობის გარდა მისი საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი მიზანი საქართველოში საოპერო ხელოვნების განვითარების ხელშეწყობაა, ხოლო მადრიდში არსებობს ასოციაცია "ვალერიანოს მეგობრები", რომელიც პერსპექტიულ მომღერლებს დახმარებას უწევს.