საჩხერეში მუხრანობა იზეიმეს

საჩხერის მუნიციპალიტეტში სახალხო დღესასწაული მუხრანობა იზეიმეს.

დღესასწაული ქალაქ საჩხერეში თავისუფლების ქუჩაზე მდებარე მუხრან მაჭავარიანის სახელობის სკვერში პოეტის ბიუსტის პატივმიგებით დაიწყო და სოფელ არგვეთში გაგრძელდა.

მუხრან მაჭავარიანის სახელობის სახლ-მუზეუმის ეზოში ზეიმის მთავარი ნაწილი გაიმართა - პოეტის ლექსებზე აგებული ლიტერატურულ კომპოზიციაში უფროსკლასელები მონაწილეობდნენ, შესრულდა ქორეოგრაფიული და მუსიკალური ნომრები.

აქვე გაიმართა მუხრან მაჭავარიანის სახელობის ლიტერატურული კონკურსის - "პოეტური მინიატურები"-ს - გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია.

ჟიურიმ, რომელიც ლიტერატორებისგან შედგებოდა, საუკეთესო ათეული - გივი ჩიღვინაძე, ნანა გასვიანი, მარიამ კოზმანიშვილი, ალექსანდრე მიშელაშვილი, ლია მიქაბერიძე, ნინო ქადაგიძე, ფიქრია ყუშიტაშვილი, ბადრი სულაძე, ნინო მოდრეკილაძე და თემურ ჭახნაკია - გამოავლინა, მათგან სამს - მარიამ კოზმანიშვილს, ალექსანდრე მიშელაშვილსა და ლია მიქაბერიძეს პირველი, მეორე და მესამე პრემია მიენიჭათ. პირველი სამი პრემიის მფლობელს საჩხერის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობისგან ფულადი ჯილდო, საგანგებოდ კონკურსისთვის დამზადებული სუვენირები და მუხრანის ღვინო გადაეცათ, ხოლო ათეულის წევრები დიპლომებითა და ასევე მუხრანის ღვინით დასაჩუქრდნენ. 

მუხრანობის სახალხო დღესასწაულში საჩხერის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში პაატა კვიჟინაძე, მუნიციპალიტეტის მერი ბენიამენ ფალავანდიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ივანაშვილი, საქართველოს მწერალთა კავშირის წევრები და ადგილობრივი მოსახლეობა მონაწილეობდა.