აკაკი წერეთლის სახლ–მუზეუმის რეაბილიტაცია დასრულდა

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს ორგანიზებითა და დაფინანსებით საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ სხვიტორში დასრულდა აკაკი წერეთლის სახლ–მუზეუმის და კარის ეკლესიის სრულმასშტაბიანი სარეაბილიტაციო სამუშაოები.

ამის შესახებ ინფორმაციას და ფოტო-მასალას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ოფიციალური ფეისბუქ-გვერდი ავრცელებს, რომლის თანახმადაც განხორციელებული სამუშაოების შედეგად საარქივო მასალისა და საპროექტო დოკუმენტაციის საფუძველზე, ავთენტური იერსახით აღდგა პოეტის საგვარეულო სასახლე.

სრულად შეიცვალა შენობის აივანი, კირის დუღაბზე გადაეწყო საძირკვლის მორყეული საპირე ქვები. სახლ-მუზეუმის პირველ სართულზე ქვიშა-ხრეშის ფენილზე დაეგო მშრალი წყობის გრანიტის ფილის იატაკი. სასახლის კარის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე დაიშალა რიყის ქვის სარინელი. ეზოს რელიეფის აღდგენის მიზნით, ხელით მოიჭრა მიწაყრილის სქელი შრე. უხეშად დამუშავებული ქვით კირდუღაბზე მოეწყო თარო-კარნიზი. დამზადდა და დამონტაჟდა ახალი ბურულქვეშა ხის კონსტრუქციები, მოეწყო ეკლესიის ჩრდილო-დასავლეთ მხარეს ქვის კიბე ორი ბაქნითა და თხუთმეტი ძველი საფეხურით. ჰიდროსაიზოლაციო შრეებით აღიჭურვა გადახურვის კოსტრუქციები.

სასახლის კარის ეკლესიისთვის მოეწყო ქვის სარინელი. ეკლესიის ჩრდილო-დასავლეთ მხარეს კირის დუღაბზე დამონტაჟდა ქვის კიბის ცხრამეტი ძველი საფეხური და ხე-ლითონის მოაჯირები. კიბის მოსაწყობად დემონტაჟდა ყორე-ქვის კედელი. არსებული ქვის ფილებით ეზოში მოეწყო სავალი ბილიკი.

სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელიც შ.პ.ს. “არქიტექსის“ მიერ განხორციელდა, გასული წლის 2 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.