აკაკი წერეთელი 21 ივნისი 1840 - 8 თებერვალი 1915

აკაკი წერეთელი
21 ივნისი 1840 - 8 თებერვალი 1915

უდიდესი ქართველი პოეტი, მწერალი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე და ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი დაიბადა საჩხერეში, სოფელ სხვიტორში თავად როსტომ წერეთლის ოჯახში.

აკაკიმ ბავშვობის წლები სოფელ სავანეში, გლეხის ოჯახში, ძიძასთან გაატარა. 1852 წლიდან ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში სწავლობდა,1859-იდან კი პეტერბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლური ენების ფაკულტეტზე, რომელიც 1863 წელს დაამთავრა კანდიდატის ხარისხით.

ლექსების წერა აკაკი წერეთელმა ჯერ კიდევ ყრმობის ასაკში დაიწყო. მას უდიდესი დამსახურება მიუძღვის „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ დაარსებასა და მის მრავალმხრივ კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობაში, ქართული დრამატული საზოგადოების შექმნასა და მუშაობაში, ქართული ჟურნალისტიკის განვითარებაში, როგორც უაღრესად ნაყოფიერი და მნიშვნელოვანი პუბლიცისტური მოღვაწეობით, ისე ყოველთვიური ჟურნალის „აკაკის თვიური კრებული“ დაარსებით. იგი რედაქტორობდა სატირულ-იუმორისტულ ჟურნალს „ხუმარა“, რომლის ანტიცარისტული და ეროვნული მიმართულების გამო დაპატიმრებულიც კი იყო. ილია ჭავჭავაძესთან ერთად აკაკი წერეთელი სათავეში ჩაუდგა ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას და სიტყვით თუ საქმით, დაუცხრომლად იღვწოდა ქართველი ხალხის სულიერი აღორძინებისა და ეროვნული თვითშეგნების ამაღლებისთვის.

მან ახალი ეტაპი შექმნა ქართული მხატვრული სიტყვის განვითარებაში, რამაც პოეტს, ილია ჭავჭავაძესთან ერთად, კანონიერად დაუმკვიდრა ახალი ქართული ლიტერატურის ერთ-ერთი ფუძემდებლისა და თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენის რეფორმატორის სახელი.

ქართველმა ხალხმა სიცოცხლეშივე შერაცხა აკაკი წერეთელი ჭეშმარიტ სახალხო პოეტად. მისმა შემოქმედებამ წარუშლელი კვალი დატოვა ქართველი ხალხის სულიერი კულტურის ისტორიაში.

გარდაიცვალა 1915 წლის 8 თებერვალს, მშობლიურ სოფელში, დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში.