საჩხერეში 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

#9აპრილის_გმირები
#მადლობა_თავისუფლებისთვის

საჩხერის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის წარმომადგენლებმა 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.

გვირგვინით შეიმკო ქ. საჩხერეში 9 აპრილის სკვერში არსებული მემორიალი. მამა ზურაბ გველესიანმა დაღუპულთა სულების მოსახსენიებლად პანაშვიდი აღავლინა, რის შემდეგადაც მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლთან არსებული მხატვრული კითხვის წრის წევრებმა ლიტერატურული კომპოზიცია წარმოადგინეს, 

ღონისძიებას საჩხერის მუნიციპალიტეტის მერი, საკრებულოს თავმჯდომარე, მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს, ასევე თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები და ადგილობრივი მოსახლეობა ესწრებოდა.

1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 30 წელი გავიდა. რუსთაველის გამზირზე დამოუკიდებლობის მოთხოვნით შეკრებილი ათასობით ადამიანი საბჭოთა არმიამ ნიჩბებით და მომწამვლელი აირით დაარბია, რის შედეგადაც ადგილზე 22 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ასობით დემონსტრანტმა მძიმე დაზიანება მიიღო.