68 წლიანი პედაგოგიური მოღვაწეობისთვის დოდო ცარციძე დაჯილდოვდა

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ბერიკა შუკაკიძემ 98 წლის დოდო ცარციძეს დამსახურებული მასწავლებლის ჯილდო გადასცა.
ბიოლოგიის ყოფილი მასწავლებელი - დამსახურებული პედაგოგი და პრეზიდენტის ღირსების ორდენის მფლობელი დოდო ცარციძე 68 წლის განმავლობაში მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სკოლაში მოღვაწეობდა.
განათლების სფეროში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მხცოვან პედაგოგს ილია ჭავჭავაძის სახელობის საჩხერის N2 საჯარო სკოლის დირექციისგან მადლობის სიგელი გადაეცა, ხოლო ბერიკა შუკაკიძეს საპატიო ელჩის წოდება მიენიჭა.
ბერიკა შუკაკიძის განმარტებით - მასწავლებლის სახლს სამი ინიციატივა აქვს: საუკეთესო დირექტორის, საუკეთესო მასწავლებლის და დამსახურებული მასწავლებლის დაჯილდოება ყველა მუნიციპალიტეტში. საქართველოს მასშტაბით დაჯილდოების პირველი ცერემონია საჩხერის მუნიციპალიტეტში გაიმართა. 
"ჩვენ უნდა გავაკეთოთ განათლების ქართული რეფორმა, რომელიც იქნება წარმატებული და თითოეული თქვენგანი მიიღებთ მასში მონაწილეობას - ეს თქვენი ღირსების საკითხი იქნება.
ვაგრძელებთ მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციას, რადგან ქვეყანა, რომლის აშენებასაც ვაპირებთ - მასწავლებლის გარეშე არ გამოვა." - მიმართა მან პედაგოგებს.
დაჯილდოების საზეიმო ცერემონია ქ საჩხერეში კინოს სახლში გაიმართა და მას თვითმმართველობის პირველი პირები, საგანმანათლებლოს რესურსცენტრის წარმომადგენლები და პედაგოგები ესწრებოდნენ.