წითელი ჯვრის წარმომადგენლებმა მოხალისეებს ტრენინგი ჩაუტარეს

#StopCovid19 #ერთადბევრსშევძლებთ

 

საქართველოს წითელი ჯვრის საჩხერის ფილიალის მენეჯერმა ქეთევან ფალავანდიშვილმა და მოხალისეთა ინიციატივების განვითარების ოფიცერმა მაკა ნემსიწვერიძემ საჩხერის მუნიციპალიტეტში შექმნილ მოხალისეთა ჯგუფს ტრენინგი ჩაუტარა. ტრენინგის თემა ახალი კორონავირუსი COVID-19 გახლდათ. მოხალისეებს, რომლებიც ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები არიან, დეტალური ინფორმაცია მიეწოდათ ახალი ვირუსის გავრცელების წყაროებზე და მიიღეს რეკომენდაციები როგორ უნდა მოიხმარონ პირბადე, ერთჯერადი ხელთათმანი, როგორ უნდა დამუშავდეს ის ნივთები, რომელთაც სისტემატურად ვეხებით და ა.შ. მოხალისეებმა, ასევე, ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს თუ როგორ უნდა მოიქცნენ თვითიზოლაციაში მყოფი პირები. ყურადღება გამახვილდა კარანტინის და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის კონტროლზე, შეკრების უფლებამოსილების წესის და დისტანცირების დაცვის აუცილებლობაზე. ადგილობრივი თვითმმართველობა და საქართველოს წითელი ჯვრის საჩხერის ფილიალის წარმომადგენლობა, ურთიერთთანამშრომლობის რეჟიმში, გაითვალისწინებს ყველა იმ რეკომენდაციას, რომელიც საქართველოს მთავრობისა და მსოფლიო ორგანიზაციების მიერ იქნება გაცემული.